English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ რამაზ აბესაძე
წრიული ეკონომიკა: არსი და თანამედროვე გამოწვევები

რეზიუმე

თანამედროვე ეკონომიკის უდიდესი ნაწილისათვის დამახასიათებელია ბუნებრივი რესურსების მფლანგველური მოხმარება - რესურსების ეკონომიკური ფასეულობა მაქსიმალურ­ად არ გამოიყენება.ასეთ ეკონომიკას, რომელიც ორიენტიტებულია მოგების ზრდაზე, დღევანდელი მოთხოვნილებების მაქსიმალურ დაკმაყოფილებაზე, სწორხაზოვან ეკონომიკას უწოდებენ. სწორხაზოვანი ეკონომიკის პირობებში შეზღუდული რესურსები გამოიყენება არა ეფექტიანად და წარმოების ნარჩენების უზარმაზარი რაოდენობა დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოზე.  სწორხაზოვანი ეკონომიკის საპირისპიროა  წრიული ეკონომიკა, რომელიც ორიენტირებულია ბუნებრივი რესურსების ეკონომიკური ფასეულობის მაქსიმალურ გამოყენებასა და გარემოს მინიმალურ დაბინძურებაზე.

საკვანძო სიტყვები: წრიული ეკონომიკა, სწორხაზოვანი ეკონომიკა, ნარჩენი, გარემო, ბუნების დაცვა. 

შესავალი 

დღევანდელი მსოფლიო ორი დიდი გამოწვევის წინაშე დგას, პირველი, არა აღდგენადი რესურსების მსოფლიო მარაგები თანდათან იწურება და აუცილებელია მათი რაც შეიძლება დიდი ხნით შენარჩუნება, სანამ ალტერნატიული რესურსების მიღების პრობლემა არ გადაწყდება, განახლებადი რესურსების გამოყენება კი ისე უნდა მოხდეს, რობ ბუნების კვლავწარმოების პროცესები შევინარჩუნოთ და მეორე, ეკონომიკური ზრდა საფრთხეს უქმნის კაცობრიობას გლობალური და ლოკალური ხასიათის ეკოლოგიური პრობლემების გამძაფრების გამო. ასევე მეტად მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ მომავალში რესურსების მოპოვება თანდათან გაძნელდება და მათზე მოთხოვნა კი გაიზრდება, მაშასადამე, რესურსები  გაძვირდება, პარალელურად გაძვირდება ბუნებისდაცვითი ღონისძიებები.

წრიული ეკონომიკის არსი 

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა ზემოთ მოტანილ პრობლემათა გადასაჭრელად პრობლემათა გადაჭრისა არის წრიული ეკონომიკის ფორმირება, სწორხაზოვანი ეკონომიკისგან განსხვავებით, სადაც მოქმედებს პრინციპი: ნედლეულის გამოყენება პროდუქტის საწარმოებლად, ხოლო ნარჩენების (რომელთა  გამოყენება კვლავ შესაძლებელია პროდუქციის მისაღებად)  გარემოში ჩაშვება და მისი დაბინძურება. წრიული ეკონომიკა აღდგენადი სისტემაა, რომელშიც როგორც რესურსები, ისე ნარჩენები  მინიმიზებულია. წრიული ეკონომიკის მთავარი კონცეფცია მიმართულია ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე. სწორხაზოვან ეკონომიკაში  ბიზნესის პასუხიმგებლობა თავდება მაშინ, როცა პროდუქტი უკვე მომხმარებლის ხელშია და  თავად წყვეტს თუ სად განათავსოს ნარჩენი.

წრიული ეკონომიკის ძირითადი პრინციპია რესურსების მაქსიმალური გამოყენება, გარემოსადმი მინიმალური დაბინძურების მიყენების პირობებში. ეს მიიღწევა განახლებადი რესურსების გამოყენებისა და  მეორადი ნედლეულის გადამუშავების შედეგად [The circular.. 2013].

წრიული ეკონომიკის სქემაა: რესურსები – პროდუქცია – ნარჩენები – რესურსები. მაშასადამე, არა მხოლოდ ზრდა, არამედ ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება, მათგან ზოგიერთის (ტყის, ნიადაგის, რეკრიაციული და სხვ.) ზრდაც კი. სწორხაზოვანი ეკონომიკის პირობებში   არსებობს ბუნებრივი რესურსების სწრაფად ამოწურვის,  კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დეგრადაციის საფრთხე, წარმოების ჯაჭვის ციკლურობის პრინციპი კი  ერთდროულად ამ საფრთხეს ამცირებს და, მეორე მხრივ, ეკონომიკას ახალ შესაძლებლობებს აძლევს [გიორგაძე ნ. 2016].

ეს მოდელი გულისხმობს:  ბუნებიდან მიღებული რესურსი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული რამდენიმე სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, ამით: ხელი შეეწყობა, ერთი მხრივ,  გარემოს დაცვას და, მეორე მხრივ, რესურსების რაციონალურად გამოყენებას, რაც თავისთავად პოზიტიურად აისახება ადამიანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ბუნების კვლავწარმოების განახლების პროცესებზე; ისეთი ნედლეულის გამოყენებას, რომელიც ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის; ენერგიის განახლებადი სახეობების გამოყენებას; ინოვაციური ბიზნეს-შესაძლებლობების შექმნასა და სხვ.

მართალია, 100%-იანი წრიული ეკონომიკის მიღწევა შეუძლებელია, ნარჩენი  ყოველთვის იარსებებს და, შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედებას ყოველთვის ექნება ადგილი. მაგრამ, მდგრადი  განვითარების უკეთესი მოდელი არ არსებობს და ბუნებაზე დაწოლა გაცილებით მეტი იქნება, მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში. 

წრიული ეკონომიკის  განვითარება 

წრიული ეკონომიკა უმნიშვნელოვანესია მთელი მსოფლიოს, რეგიონებისა და ცალკეული ქვეყნებისათვის. დღეისათვის მთელ მსოფლიოში წრიული ეკონომიკის ფორმირებასა და განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მხრივ ლიდერობს ევროპა. ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა სტრუქტურები დიდ ყურადღებას უთმობენ წრიულ ეკონომიკას. კერძოდ, 2015 წელს ევროკომისიამ მიიღო  წრიული ეკონომიკის ამბიციური ახალი პაკეტიევრო კავშირისთვის(An Ambitious New  Circular Economy Package for EU) [An Ambitious...2015]. მათ ასევე შექმნეს ევროპის წრიული ეკონომიკის პლატფორმა დაინტერესებული მხარეებისათვის“  (European Circular Economy Stakeholders Platform) [European...2018]. ეს დოკუმენტები მიზნად ისახავს ევროპის წრიულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობას. ევროკავშირი ცდილობს, მისი ეკონომიკა უფრო მდგრადი გახდეს და ამ მიზნით 2018 წლის იანვარში ევროკომისიამ მიიღო ”ევროპის წრიული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა” (An EU action plan for the Circular Economy) [An EU action...2015]. სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს: წრიულ ეკონომიკაში ევროკავშირის სტრატეგიას პლასტმასის ნაწარმზე. 2030 წლისთვის, პლასტმასის ყველა შეფუთვა გადამუშავებადი უნდა იყოს ევროკავშირის მასშტაბით. სტრატეგიაში დასაბუთებულია სპეციფიკური ზომების მიღების საჭიროება, რაც გულისხმობს: საკანონმდებლო ინსტრუმენტებს, რომელიც შეამცირებს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის გავლენას გარემოზე, განსაკუთრებით, ზღვებსა და ოკეანეებზე;  კანონმდებლობას, რომელიც განსაზღვრავს ნარჩენების, პროდუქტებისა და ქიმიკატების ერთმანეთთან კავშირს; ევროკავშირში ეროვნულ დონეზე, წრიული ეკონომიკის პროგრესის მონიტორინგის ჩარჩოს შექმნას რომელიც შედგება 10 ინდიკატორისაგან. ეს ინდიკატორები მოიცავს ყველა ფაზას: წარმოებას, მოხმარებას, ნარჩენების მართვასა და მეორადი ნედლეულის შექმნას. ასევე გათვალისწინებულია ეკონომიკური ასპექტები: ინვესტიციები, სამუშაო ადგილები და ოვაცია; არააღდგენად ნედლეულსა და წრიულ ეკონომიკაზე მომზადებულ ანგარიშებს და სხვ [მელქაძექ. 2018].

2017 წლის დასაწყისში ევროკომისიამ შეაჯამა ერთი წლის წინ მიღებული წრიული ეკონომიკის პროგრამის მიმართულებით გაწეული მუშაობა და წარმოადგინა ფინანსური პლატფორმა [Еврокомиссия...2017]. მან მიიღო ღონისძიებათა ყოვლისმომცველი პაკეტი, რათა დაეხმაროს მეწარმეებსა და მომხმარებლებს გააძლიერონ წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა, როდესაც რესურსები გამოიყენება კიდევ უფრო რაციონალურად. მასში მითითებულია, რომ დედამიწა და ეკონომიკა ვერ იცოცხლებს თუ ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას პრინციპით: „აიღე, გამოიყენე, გადაყარე“. კაცობრიობამ უნდა შეინარჩუნოს  რესურსები და მთლიანად გამოიყენოს მათი ეკონომიკური ფასეულობა. წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა მიმდინარეობს სტრატეგიული ინვესტიციის ევროპული ფონდის,  პროგრამა „ჰორიზონტი 20“-ისა და სტრუქტურული ფონდების მხარდაჭერითა და სახელმწიფოს მხრიდან წრიულ ეკონომიკაში ინვესტირების გზით [Еврокомиссия...2015].

მსოფლიოს ყურადღებას იბყრობენ ფინური ინოვაციები. ფინეთმა ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ცირკულირებადი (წრიული) ეკონომიკის  ეროვნული საგზაო რუკა 2016-2025 წლებში. როგორც მსხვილი საწარმოები, ისე სტარტაპები  აქტიურად მიემართებიან ამ გზით, ითვალისწინებენ რა წრიულ ეკონომიკას თავიანთ ბიზნესში. ასევე მდიდარი გამოცდილება აქვს შვეიცარიას.

ცვლილებები ეკონომიკურ სისტემაში 

წრიული ეკონომიკის მიზანს წარმოადგენს ნარჩენების შემცირება და გარემოს დაცვა, რისთვისაც აუცილებელია ეკონომიკის კარდინალური გარდაქმნა.

სწორხაზოვანი ეკონომიკის პრინციპია: მეტი, უკეთესი, ჩქარა. წრიული ეკონომიკა კი ორიენტირებულია რესურსების მაქსიმალურ გამოყენებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ამიტომ იგი გარკვეული ზომით ამცირებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, მაგრამ ეკოლოგიური საფრთხეები და  რესურსების მილევადობა აიძულებს მეწარმეებს დანერგონ წრიული ეკონომიკა, ხოლო სახელმწიფოებსა და მათ გაერთიანებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი -   ხელი შეუწყონ მათ. წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა იწვევს ცვლილებებს ეკონომიკურ სისტემაში, მის ყველა ელემენტში: საკუთრების ხასიათში (მესაკუთრე ხშირად უპირატესობას ანიჭებს პროდუქციის არა გაყიდვას, არამედ გაქირავებას, არა ახალი პროდუქციის შექმნას, არამედ რემონტს, რეკონსტრუქციას, გადაიარაღებას, განახლებას), ტექნოლოგიებში (იცვლება წარმოების წესი ახლით, რომელიც ორიენტირებულია უნარჩენო, ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაზე და არა მხოლოდ მოგების ზრდაზე), ფიზიკურ კაპიტალში (ახალი ტექნიკა შეესაბამება წარმოების პროცესის გაგრძელებას, რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას), ადამიანისეულ კაპიტალში (ადამიანისეული კაპიტალის ელემენტები იცვლება წრიული ეკონომიკის მოთხოვნების შესაბამისად ახალი ცოდნის, ახალი ტექნოლოგიების, ახალი ფიზიკური კაპიტალის, წარმოების ახალი ფორმების, ახალი ინსტიტუციების  შესაქმნელად, ინოვაციების განსახორციელებლად, ახალი საწარმოო პროცესების გასაძღოლად და ა. შ.), ინსტიტუციებში (იქმნება ახალი კანონები, ნორმატიული აქტები, რეგულირების ორგანოები, იცვლება ბაზრებისა და სხვა ინსტიტუტების ფუნქციონირების ხასიათი და ა. შ.). იგი უშუალოდაა დაკავშირებული ინოვაციურ პროცესებთან, ვინაიდან მიღწევები შეუძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებების გარეშე განათლებაში, მეცნიერებაში, გამომგონებლობაში, მეწარმეობაში. მაშასადამე, წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა იწვევს სიღრმისეულ ცვლილებებს ეკონომიკურ სისტემაში.

სწორხაზოვანი ეკონომიკა უფრო მეტად ორიენტირებულია აწმყოზე, წრიული ეკონომიკა - როგორც აწმყოზე, ისე მომავალზე.

წრიული ეკონომიკა საქართველოში 

საქართველოში წრიული ეკონომიკის ფორმირების მიმართულებით სერიოზული პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა, თუმცა გარკვეული ინსტიტუციური საფუძვლები ამისათვის მომზადებულია. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს საქართველოს კანონიგარემოსდაცვისშესახებ“ (1996). კანონის ძირითადი მიზნებია: დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი; უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად და ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით; ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ქვეყნისთვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის იშვიათი, ენდემური, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებას, ზღვის გარემოს დაცვას და ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველყოფას; შეინარჩუნოს და დაიცვას თვითმყოფადი ლანდშაფტები და ეკოსისტემები [საქართველოს...1996];

დღეისათვის მიღებულია საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა სამი ეროვნული პროგრამა. პირველი პროგრამა მოიცავს 2000-2015, მეორე 2012-2016, მესამე 2016-2030 წლებს.  პირველი პროგრამის მიღების შემდეგ  საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვადასხვა დონორებთან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მეორე ეროვნული პროგრამა მომზადდა დაინტერესებული მხარეების უფრო ფართო  სპექტრის მონაწილეობითა და  ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერით. მასში განსაზღვრული იყო გრძელვადიანი მიზნები, მოკლევადიანი ამოცანები და კონკრეტული ღონისძიებები ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად [საქართველოს...2012].

მესამე პროგრამაში ასახულია საქართველოს გარემოსდაცვითი პრიორიტეტები და განსაზღვრულია სტრატეგიული გრძელვადიანი   მიზნები, უახლოეს 5 წელიწადში   განსახორციელებელი ამოცანები და კონკრეტული ქმედებები, რომლებიც აუცილებელია გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გარემოსდაცვითი პოლიტიკის მთავარ მიზნად აღიარებულია ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარება, რომლის დროსაც გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები ერთ სიბრტყეში განიხილება. გარემოს დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობებით გამოწვეული გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილება, უკვე არსებული უარყოფითი ზემოქმედების მისაღებ დონემდე შემცირება და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც გრძელვადიან პერიოდში მომავალ თაობებს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების საშუალებას მისცემს. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებზე. გარემოს დაცვის მოქმედებათა  მესამე  ეროვნული  პროგრამა  შემუშავებულია  შემდეგი   ძირითადი  პოლიტიკური  ტენდენციის გათვალისწინებით: „საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“; „გაეროს მდგრადი  განვითარების  მიზნები“  და  ის  გარემოსდაცვითი  საერთაშორისო  შეთანხმებები, რომელთა მხარესაც საქართველო წარმოადგენს [საქართველოს...2016].

ყველაზე ახლოს წრიულ ეკონომიკასთან არის საქართველოს კანონი - „ნარჩენების მართვის კოდექსი“. იგი ეფუძნება ევროკავშირის ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ  დირექტივებსა და რეგულაციებს.

აღნიშნული კოდექსის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ 2015 წელს მიიღო „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020   წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“, რომელიც შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად. სტრატეგიის მიზანია საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის ჰარმონიზება ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან. სტრატეგიის განხორციელების მიზნით შემუშავდა ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა. სტრატეგია შესაბამისობაშია  ასევე იმ საერთაშორისო კონვენციებთან, რომლებშიდაც საქართველო მონაწილეობს (ბაზელის კონვენცია ,,სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ[1],  „სტოკჰოლმის კონვენცია ,,მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ[2], „მინამატას კონვენცია ,,ვერცხლისწყლის შესახებ[3] და სხვ.).

სტრატეგიის მიზნებია: ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავება, განხორციელება  და აღსრულება; ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე; ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა;  ნარჩენების ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსების უზრუნველყოფა; ნარჩენების პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება ან/და აღდგენა; ნარჩენების მართვის ხარჯების სრული ამოღება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად; მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ხელშეწყობა და დანერგვა; ნარჩენების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის მართვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა; საჯარო სექტორის შესაძლებლობათა გაძლიერება ეროვნულ და ადგილობრივ  დონეებზე; ასევე, კერძო კომპანიების შესაძლებლობათა გაძლიერების ხელშეწყობა  და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება [ნარჩენების...2015].  

საქართველოში ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია ნარჩენების მართვის სისტემა, იგი ძლიერ არ შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს, კვლავ ფუნქციონირებს მოუწესრიგებელი და უკანონო ნაგავსაყრელები,  გრძელდება დაცული ტერიტორიებისა და ტურისტული კომპლექსების, ასევე სხვა ტერიტორიების დანაგვიანება, კომპანიები სრულად არ ასრულებენ არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს და ა.შ. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა რეგიონებში.

საქართველოში, მცირე შემთხვევების გარდა (მაგ. როგორიცაა მინის ბოთლები, ქაღალდი, მინა, პლასტიკი და სხვ.), არ არის განვითარებული ნარჩენების სეპარაციის, პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის პრაქტიკა.

კოდექსის შესაბამისად შემოღებულია მაჩვენებელი - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რაც მწარმოებელს ავალდებულებს  იზრუნოს შეამციროს ნარჩენების რაოდენობა, ასევე ეს მაჩვენებელი მას აკისრებს ნარჩენების შეგროვების, სეპარაციისა და დამუშავების პასუხისმგებლობას, მათი შემდგომი აღდგენის მიზნით. ამ მაჩვენებლის დანერგვა, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას. 2016 წლის აგვისტოდან ძალაში  შევიდა ვალდებულება კომპანიების მიერ ნარჩენების რაოდენობის სახეობებისა და მათი გამოყენების შესახებ.

საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემის შექმნის ზოგადი მიზანია: ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციების სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი ნარჩენების მართვის პრაქტიკის დანერგვა ეროვნულ დონეზე. ამისათვის საჭიროა რიგი კანონების (მაგ. კანონი სამთო გადამუშავების ნარჩენების შესახებ) მიღება. 

დასკვნები 

კვლევის შედეგად შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნები:

  1. წრიული ეკონომიკის სქემაა: რესურსები – პროდუქცია – ნარჩენები – რესურსები. მაშასადამე, არა მხოლოდ ზრდა, არამედ ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება, მათგან ზოგიერთის ზრდაც კი., წრიული ეკონომიკა აღდგენადი სისტემაა, რომელშიც როგორც  რესურსები, ისე ნარჩენები  მინიმიზებულია. წრიული ეკონომიკის მთავარი კონცეფცია მიმართულია ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე. სწორხაზოვან ეკონომიკაში  ბიზნესის პასუხიმგებლობა თავდება მაშინ, როცა პროდუქტი უკვე მომხმარებლის ხელშია და  თავად წყვეტს თუ სად განათავსოს ნარჩენი;

დღეისათვის მთელ მსოფლიოში წრიული ეკონომიკის ფორმირებასა და განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მხრივ ლიდერობს ევროპა. ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა სტრუქტურები დიდ ყურადღებას უთმობენ წრიულ ეკონომიკას. კერძოდ, მიღებულია შემდეგი დოკუმენტები: “ციკლური ეკონომიკის ამბიციური ახალი პაკეტიევრო კავშირისთვის” (An Ambitious New  Circular Economy Package for EU),წრიული ეკონომიკის ევროპის ახალი პლატფორმა დაინტერესებული მხარეებისათვის“ (European Circular Economy Stakeholders Platform); ”ევროპის წრიული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა” (An EU action plan for the Circular Economy). ეს დოკუმენტები მიზნად ისახავს ევროპის წრიულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობას, რაც ხორციელდება კიდევაც პრაქტიკულად. მსოფლიოს ყურადღებას იბყრობენ ფინური ინოვაციები წრიული ეკონომიკის სფეროში, ასევე მდიდარი გამოცდილება აქვს შვეიცარიას;

  1. წრიული ეკონომიკა გარკვეული ზომით ამცირებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, მაგრამ ეკოლოგიური საფრთხეები და  რესურსების მილევადობა აიძულებს მეწარმეებს დანერგონ წრიული ეკონომიკა, ხოლო სახელმწიფოებსა და მათ გაერთიანებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი -   ხელი შეუწყონ მათ. წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა იწვევს ცვლილებებს ეკონომიკურ სისტემაში, მის ყველა ელემენტში: საკუთრების ხასიათში,  ტექნოლოგიებში, ფიზიკურ კაპიტალში, ადამიანისეულ კაპიტალში, ინსტიტუციებში. იგი უშუალოდაა დაკავშირებული ინოვაციურ პროცესებთან, ვინაიდან მიღწევები შეუძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებების გარეშე განათლებაში, მეცნიერებაში, გამომგონებლობაში, მეწარმეობაში. მაშასადამე, წრიულ ეკონომიკაზე გადასვლა იწვევს სიღმისეულ ცვლილებებს ეკონომიკურ სისტემაში;
  2.  სწორხაზოვანი ეკონომიკა უფრო მეტად ორიენტირებულია აწმყოზე, წრიული ეკონომიკა - როგორც აწმყოზე, ისე მომავალზე;
  3. საქართველოში წრიული ეკონომიკის ფორმირების მიმართულებთ სერიოზული პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა, თუმცა გარკვეული ინსტიტუციური საფუძვლები ამისათვის მომზადებულია. ეს დოკუმენტებია: საქართველოს კანონიგარემოსდაცვისშესახებ , მიღებულია საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა სამი ეროვნული პროგრამა, საქართველოს კანონი –  „ნარჩენების მართვის კოდექსი“;ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2016-2020   წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“; -
  4. საქართველოში ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია ნარჩენების მართვის სისტემა, იგი ძლიერ არ შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს, კვლავ ფუნქციონირებს მოუწესრიგებელი და უკანონო ნაგავსაყრელები,  გრძელდება დაცული ტერიტორიებისა და ტურისტული კომპლექსების, ასევე სხვა ტერიტორიების დანაგვიანება, კომპანიები სრულად არ ასრულებენ არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს და ა.შ. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა რეგიონებში. არ არის განვითარებული ნარჩენების სეპარაციის, პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის პრაქტიკა;

საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით შესაძლებელია გამოვყოთ საქართველოში წრიული ეკონომიკის ფორმირების ზოგიერთი ღონისძიება:

  1. ახალი კანონების მიღება წრიულ ეკონომიკასთან დაკავშირებით, მაგალითად კანონი „სამთო გადამუშავების ნარჩენების შესახებ“;
  2. ნარჩენების უტილიზაციაზე ტარიფების დაწესება, რათა მომხმარებლებმა მოახდინონ მათი სორტირება, რაც გააიოლებს გადამუშავებას;
  3. სასწავლო და საკონსულტაციო ცენტეების, წრიული ეკონომიკის კლუბების დაარსება სადაც მოხდება ლექტორების, სტუდენტებისა და ბიზნესწრეებისათვის კონსულტაციებისა და ტრენინგების ორგანიზება ამ სფეროს მაღალკვალიფიცი­ური სპეციალისტების მიერ, მათ შორის, საზღვარგარეთიდან, ასევე რეკომენდაციების შემუშავება ცალკეული ბიზნესორგანიზაციებისა და მთავ­რო­ბი­სა­­­თვის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების, ალტერნატიული ტექნო­ლო­გიების შექმნის, ცოცხალი სისტემის აღდგენის უზრუნველყოფის მიმართულებ­ით;.
  4. თანამშრომლობა ევროკომისის „პლატფორმასთან ევროპული წრიული ეკონომიკით დაინტერესე­ბული მხარეებისათვის“ (European Circular Economy Stakeholders Platform);
  5. საწარმოებისათვის, რომლებიც გადაამუშავებენ ნარჩენებს, საგადასახადო შეღავათების გამოყენება;
  6. სახელმწიფო საწარმოებბის დაარსება, რომლებიც იფუნქციონირებენ წრიული ეკონომიკის პრინციპებით და სხვა;
  7. ახალი განახლებადი პროდუქციის შექმნა (რომელიც გამოყენების შემდეგ გადამუშავდება და კვლავ გამოიყენება);
  8. მყარი ნარჩენების შეგროვების ავტომატიზებული სისტემის შექმნა;
  9. გასათბობის მიღება მერქანის ან ბიონარჩენებისაგან  (კვების მრეწველობის და სხვა ინდუსტრიის ბიოდეგრადირებადი ნარჩენები, ხე-ტყის ნარჩენები, ქერქი, ნახერხი, ნაკელი, ყურძნის კოპტონი და ა. შ.);
  10. ძველის აღდგენა, რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია; გადაიარაღება; განახლება, რაც შესაძლებელია თითქმის ყველა სახის წარმოებაში, სახნავი მიწების ჩათვლით [Тши-Шан Ту. 2018];
  11. ენერგოეფექტიანობის ამაღლება;
  12. ალტერნატიული ენერგორესურსების ათვისება;
  13. წარმოების დაფუძნება მომსახურებაზე და არა საქონელის წარმოებაზე;
  14. არენდის სულ უფრო ფართო გამოყენება ყველა სახის საქონელზე, რაც არენდატორს დაუბრუნდება მოგებისა და რესურსის (ნარჩენის) სახით, ამასთან მომხმარებელი გათავისუფლდება ნარჩენების გადაყრის ხარჯებისაგან;
  15. ნარჩენების სეპარაციის, პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის პრაქტიკის ფართოდ დანერგვა (თავდაპირველად ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ ნარჩენებზე: ბატარეები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, ზეთები, შესაფუთი მასალები და ელექტრონული საქონლის ნარჩენები.)

 გამოყენებული ლიტერატურა

1. Abesadze R. Modern global trends and problems of sustainable development. International scientific internet conferenc.Paata Gugushvili Institute of Economics TSU. 2017. http://www.conferenceconomics.tsu.ge/?mcat=0&cat=arq&leng=eng&adgi= 346&title=MODERN%20GLOBAL%20TRENDS% 20AND%20PROBLEMS%20OF%20SUSTAINABLE
2. An Ambitious New Circular Economy Package for EU. 2015. https://ec.europa.eu/commission/sites/beta-political/files/circular-economy-factsheet-general_en.pdf
3. An EU action plan for the Circular Economy. 2015. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A52015DC0614.
4. Еврокомиссия ускоряет переход на круговую экономику. 2015.
5. http://rus.delfi.ee/daily/euroopa/evrokomissiya-uskoryaet-perehod-na-krugovuyu-ekonomiku?id=73104551
6. Еврокомиссия представила обзор программы круговой экономики и новой платформы финансирования . 2017 . https://rus.delfi.ee/daily/euroopa/evrokomissiya-predstavila-obzor-programmy-krugovoj-ekonomiki-i-novoj-platformy-finansirovaniya?id=77044912
7. European Circular Economy Stakeholders Platform. 2018. http://www.arge.at/wp-content/uploads/2018/02/20180131_OesterreichischeReUseKonferenz_Lohan.pdf
8. The circular economy: interview with Walter Stahel. 2013.
9. http://www.makingitmagazine.net/?p=679
10. Влюбчак А.А. Формирование экономики замкнутого цикла в россии: необходимость и перспективы.
11. Пять для Пятницы — решения экономики замкнутого цикла. 2018.
12. http://indigo.com.ge/articles/momavlis-narcheni
13. გიორგაძე ნ., ნ. ახალაშვილი. 2016. მომავლის ნარჩენი.
a. http://www.goodnewsfinland.ru/feature/pyat-dlya-pyatnitsy-resheniya-ekonomiki-zamknutogo-tsikla/
14. მელქაძე ქ. 2018. წრიული ეკონომიკა: ალტერნატიული კონცეფცია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. HTTP://EUGEORGIA.INFO/KA/ARTICLE/701/WRIULI-EKONOMIKA-ALTERNATIULI-KONCEFCIA-MDGRADI-EKONOMIKURI-GANVITAREBISTVIS/
15. „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. 2015. https://matsne.gov.ge/ka/document/view/3242506?publication
16. საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეორე ეროვნული პროგრამა. 2016. http://www.moe.gov.ge/res/docs/1790NEAP_geo_2012.pdf
17. საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა. 2016. http://moe.gov.ge/res/images/file-manager/strategiuli-dokumentebi/strategiebi-gegmebi/2017-2021----------.pdf



[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/1485058?publication=0

[2] http://www.moe.gov.ge/res/docs/22133.5384stokholmis_konvencia_mdgradi_organuli_dambindzureblebis_shesakheb.pdf

[3] http://www.moe.gov.ge/ka/სიახლეები/2016-09-27-minamatas-konvencia-vercxlistsylis